თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება
თბილისი -რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხორციელდება. გზის მშენებლობის ხარისხი პროექტით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაგისტრალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ნორმებით მიმდინარეობს. ამასთან, გზის მშენებლობას საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „დოჰვა ინჟინერინგი“ უწევს მონიტორინგს და ზედამხედველობას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მშენებლობის ხარისხი .
ჯერ-ჯერობით, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის არც ერთი მონაკვეთი ბოლომდე დასრულებული არ არის და შესაბამისად, გზის ხარისხის შეფასება ნაადრევია. მცდარი შთაბეჭდილების შექმნის მიზეზი, თითქოს სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ არის ჩატარებული, შესაძლოა გამხდარიყო ის 6.5 კმ-იანი მონაკვეთი (რუსთავი-ფონიჭალის მარჯვენა მიმართულება), რომელზეც საავტომობილო ნაკადის დროებითი გადართვა 31 იანვარს მოხდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის დროებითი გადართვა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის გადაადგილების გასამარტივებლად განხორციელდა. მას შემდეგ, რაც დასრულდება გზის ამავე მონაკვეთის მარცხენა მიმართულების მშენებლობა, სამშენებლო კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენი“ დაუბრუნდება გზის მარჯვენა მიმართულების მონაკვეთს და დაასრულებს სამშენებლო სამუშაოებს.
რუსთავის ავტომაგისტრალის პირველ და მესამე მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ამ დროისთვის მოსახლეობა მაღალი ხარისხის კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტორ კომპანიას, მშენებლობის დასრულების შემდეგ აქვს ერთწლიანი ვალდებულება, ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში უსასყიდლოდ მოახდინოს მისი აღმოფხვრა. შესაბამისად, პროექტის დასრულებამდე გზის ხარისხზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.