იტალიური არქიტექტურისა და დიზაინი დღეები თბილისში წელსაც გაიმართა

30 მარტი 2023

 საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით (ICE-ITA), 29-30 მარტს თბილისში იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება "იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში -2023" გაიმართა.

საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ღონისძიების ფარგლებში, იტალიის არქიტექტორთა ეროვნულ საბჭოსთან (CNAPPC), DOMUS-საქართველოსა და დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით, გახსნეს სამი გამოფენა. ასევე, ჩატარდება ლექციები, სემინარები და კონკურსი არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით .

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სტუდენტებს მიმართა და დისკუსია გამართა ურბანული განახლების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღებეს არქიტექტურისა და დიზაინის დარგის წარმომადგენლებმა.

მონაწილეებმა მიმოიხილეს ურბანული განვითარების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები. მათ შორის, აღინიშნა პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტები.

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის დღეების მიზანია საქართველოში იტალიური დიზაინის ცნობადობის ამაღლება და ხელმისაწვდომობა, შესაბამისი დარგების წარმომადგენლებს შორის კავშირების გაძლიერება და ამ სფეროებში საქართველოსთან მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა.