ფონდმა პარლამენტში 2022 წლის ანგარიში წარადგინა

20 აპრილი 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის ანგარიში წარადგინა.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ფონდის მიერ მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე, როგორებიცაა: საგანმანათლებლო, ტურისტული, სპორტული, ურბანული განახლების და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროგრამები. ასევე, მან კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ პროგრამა ,,განახლებულ რეგიონებზე”.

პროგრამის ფარგლებში, 50 მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები და ქვეყნის მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მეორე ეტაპი.

,,განახლებული რეგიონების” პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, სრულად განახლდა 727 შენობა ენერგო-ეფექტური მასალის გამოყენებით. მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკები, ტროტუარები, საინჟინრო ქსელები, განახლდა და მოეწყო 92 პარკი და სკვერი.

ქობულეთში,  ახალი, ერთ კილომეტრიანი ბულვარი მოეწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მიმდინარე წელს, საბავშვო ბაღების მშენებლობის ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

ფონდი,პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით 100 ზე მეტი საბავშვო ბაღის ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომლის საორიენტაციო ღირებულება 300 მილიონ ლარამდეა, აქედან 19 საბავშვო ბაღზე გამოვლენილია გამარჯვებული და გაფორმებულია ხელშეკრულება ხოლო 12 საბავშვო ბაღზე მიმდინარეობს შეფასების პროცედურები.

გარდა ამისა,  მუნიციპალური განვითარების ფონდი,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ,,ქალაქებისა და კურორტების განვითარებას“ იწყებს.  პროგრამა ითვალისწინებს ქალაქებისა და კურორტების ისეთი არეალების განვითარებას და იერსახის განახლებას, რომელიც მათ პოტენციალს მნიშვნელოვან დატვირთვას შესძენს და ახალ მიზიდულობის ცენტრებს გააჩენს.

პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტიის  და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

ახალი პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.