სოფელ გორდის 350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო  სკოლის რეაბილიტაცია განაახლა.

სკოლის რეაბილიტაციას ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასრულებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლის შენობის რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. არაერთი სიტყვიერი თუ წერილობით გაფრთხილების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მიზნით, ამოქმედდა საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია. 2023 წელს დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად, გამოცხადდა ხელახალი ტენდერი. ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასრულებს სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის 350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.